ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ, რომ გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად შევინარჩუნოთ ტვირთები და ტვირთბრუნვის ზრდა
„თუ დავაკვირდებით ეკონომიკურ ზრდას, ბოლო წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და დასაწყობების სფეროები. ბოლო წლებში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ ამ მიმართულებით ფიქსირდება. მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვები უმთავრესი პრიორიტეტია,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება, რომლითაც გაიზრდება რკინიგზის სიჩქარე, უსაფრთხოება და გამტარუნარიანობა. მოდერნიზაციის შედეგად, საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. მისი თქმით, ეს ყველაფერი საშუალება იძლევა, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოს დერეფანში და კიდევ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს არა მხოლოდ რკინიგზამ, არამედ ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართულმა რგოლებმა.
„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებს და ვსაუბრობთ მომავალ პერსპექტივაზე, როგორ შეიძლება დამატებით და გრძელვადიანად დავამაგროთ ჩვენს დერეფანში ახალი ტვირთები, ანუ საქართველომ, ერთი მხრივ, გაზარდოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია და მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რომელიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროებს უკავშირდება, ჩვენი საექსპორტო პოტენციალიც ავამაღლოთ,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, დაგეგმილია 600 ბლოკ მატარებელი შუა დერეფნის გავლით. „ჩინეთიდან წამოვა ახალი ტვირთები, რაზეც უკვე შეთანხმება არსებობს. ესეც დამატებით მნიშვნელოვანი სტიმული იქნება შუა დერეფნის ტვირთბრუნვის ზრდის კუთხით,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად შენარჩუნდეს ტვირთები და ტვირთბრუნვის ზრდა.