პოროშენკო: გუნდს, რომლის საიმედო წევრია მიხეილ სააკაშვილი, ბევრი რამის მიღწევა შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ერთი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა. პოროშენკოს თქმით, გუნდს, რომლის საიმედო წევრია მიხეილ სააკაშვილი, ბევრი რამის მიღწევა შეუძლია.
პოროშენკომ და სააკაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს „ოდესა-რენის“ გზის მშენებლობის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა.
„იმედი გვაქვს, ეს გზა გახდება დერეფანი, რომელიც ოდესას რუმინეთთან და ბულგარეთთან დააკავშირებს. ამ პროექტში, სხვა თანხებთან ერთად, ევროკავშირის თანხებიც იქნება გამოყენებული. ყოველ შემთხვევაში, რუმინეთის და ბულგარეთის მონაწილეობა პრაქტიკულად გადაწყვეტილია“, – განაცხადა პოროშენკომ და იმედი გამოთქვა, რომ გზის მშენებლობისთვის რამდენიმე წყარო იქნება მოძიებული.
პოროშენკომ სააკაშვილს ინვესტიციების მოსაძიებლად და მათ დასაცავად მუშაობის გააქტიურებისკენ და ოდესაში ტურისტული პოტენციალის გამოყენებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ის, თუ როგორი ტურისტული სეზონი იქნება წელს ოდესაში, ინვესტორებისთვის ინდიკატორი იქნება.
სააკაშვილის თქმით, რუმინეთის და სხვა ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე ოდესის ოლქში ევროპული პროექტების განხორციელება დაიწყო. ამ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ოდესისთვის, ასევე მთელი უკრაინისთვის.
„ეს არის პირველი რეგიონული მასშტაბის მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომ მოხდეს ევროპული ფონდების მოწვევა და ეს აისახოს უკრაინის ყველა რეგიონის მკვიდრის ცხოვრებაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ერთი წლის წინ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები