ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ გრანდიოზულ ღონისძიებას წარმოადგენს

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზულ ღონისძიებას წარმოადგენს. 15, 17 და 18 ივნისს შედგება ახალი სპექტაკლის პრემიერა, რომელსაც მთლიანად იტალიური სადადგმო ჯგუფი განახორციელებს ნინო სურგულაძის, ნინო ანანიაშვილისა და თბილისის ოპერის საბალეტო დასის მონაწილეობით.
15 ივნისის პრემიერას იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი დაესწრება, სპექტაკლს კი მისი ვაჟი, კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებს.
სპეციალურად პროექტისათვის საქართველოში უკვე იმყოფებიან მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი მარკო განდინი და ლა სკალაში მოღვაწე ქორეოგრაფი ჯანლუკა სკიავორი.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოში პირველად ორი ნაწარმოები შესრულდება, ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ.
ღონისძიების მუდმივი პარტნიორია კომპანია “სოკარი”. 15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი „ნატვრის ხე“ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე, სასტუმრო ”რუმს ჰოტელში” პრესკონფერენცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები