“თუ ასეთი ტენდენციები გაგრძელდა, 5%-ზე ნაკლები არ იქნება ეკონომიკური ზრდა”

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა სახეზეა და მას მოლოდინი აქვს, რომ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება. ზურაბ გვასალიას თქმით, თუ ის ტენდენციები გაგრძელდა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, 5%-ზე ნაკლები ეკონომიკური ზრდა არ იქნება.
“ეკონომიკური ზრდა სახეზეა. ეს, ძირითადად, კერძო სააღმშენებლო სექტორზე მოდის, ასევე არის სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, მადნეულის მოპოვება, საკვები პროდუქტების და სასმელის ექსპორტი. პირველი კვარტლის წმინდა ექსპორტი ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა არის ტურისტულ შემოსავლებში, რომელიც 4 თვეში, 902 მილიონით არის გაზრდილი ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში, მაქსიმუმს მიაღწია მომსახურების ექსპორტის მაჩვენებელმა. საკმაოდ არის ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილი. ამასთან, შემცირდა სავაჭრო ბალანსის დეფიციტი დაახლოებით 200 მილიონით, რამაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ლარის კურსზე. ყველა წინაპირობა სახეზეა, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება და წინ მიდის. ბუნებრივია, ეს უცებ ეფექტს ვერ მოახდენდა, რომ მოსახლეობას ეგრძნო, თუმცა პროგრესი სახეზეა. თუ ასეთი ტენდენციები გაგრძელდა 5%-ზე ნაკლები არ იქნება ეკონომიკური ზრდა”,- განაცხადა გვასალიამ.
ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4,3% შეადგინა. მისი თქმით, ამით გაგრძელდა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ინდიკატორები. ქუმსიშვილის თქმით, ლიდერ სექტორებს შორის არიან: სამშენებლო მასალების წარმოება (25%), სასტუმროების და რესტორნების სექტორი (20%), მშენებლობა (15%) და საკვები პროდუქტების და სასმელების წარმოება (10%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები