კულტურის სამინისტროში ქართულ-ლიტვური სემინარი გაიხსნა
კულტურის სამინისტროში, მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართულ-ლიტვური სემინარი გახსნა, რომელიც სამინისტროს ეგიდითა და ლიტვის საელჩოსთან თანამშრომლობით ტარდება.
სამი დღის განმავლობაში, ლიტვის დელეგაციის წევრები ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ, კოლეგები ერთმანეთს კულტურის სფეროში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. დელეგაციას ლიტვის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის კანცლერი, ლაიმონას უბავიჩიუსი ხელმძღვანელობს. სემინარის ძირითადი თემებია: კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ლიტვაში; ლიტვის სამუზეუმო პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობის დიგიტალიზაცია: ლიტვის პოლიტიკა; კულტურა და ხელოვნების სისტემის მხარდაჭერა ლიტვაში. შემოქმედებითი ევროპის ლიტვის ოფისის ხელმძღვანელი ეგლე დელტუვაიტე პრეზენტაციას გამართავს კულტურის ქვეპროგრამის პირობების, პრიორიტეტების და ფინანსური მექანიზმების შესახებ.
სემინარებს კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებისა და ასევე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.
3 ივნისს ბათუმში დაგეგმილია მსგავსი საინფორმაციო შეხვედრა შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაინტერესებულ პირებთან.