„აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფესტივალის დასკვნით საღამოზე უწმინდესის ნაწარმოებსაც შეასრულებენ

„აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის დასკვნით საღამოზე ცნობილი მუსიკოსების და მათი კომპოზიციების გარდა, შესრულებული იქნება საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის ნაწარმოებებიც.
ცნობილი პიანისტის, ალექსანდრე კორსანტიას განცხადებით, თბილისში ფესტივალი 5 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დასრულდება.
“სამწუხაროდ, მხოლოდ წუხელ ჩამოვედი, მანამდე ვერაფრით მოვახერხე, არადა წინა ფესტივალზე ყოველთვის ვცდილობდი, რომ აქ უფრო დიდხანს გავჩერებულიყავი. ჩემი კოლეგები მეუბნებოდნენ, აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, რომ ფესტივალი გრძელდება და დღეს უკვე ეროვნული ბრენდია ქვეყნისთვის. ეს ნამდვილად ხალხის და ქვეყნის ქონებაა. საქმე გრძელდება და მხოლოდ წინ წავა. რა თქმა უნდა, გული მტკივა, რომ ვერ დავესწარი რამდენიმე აღსანიშნავ კონცერტს, მაგალითისთვის მე ვერ დავესწარი ვაჟა აზარაშვილის კონცერტს, რომელიც კონსერვატორიის დიდ დარბაზში ასე წარმატებულად ჩატარდა. ვაჟა მსოფლიოში განთქმული კაცია და მის მუსიკას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აღიარებენ.
მიხარია, რომ ხვალ, 1 ივნისს, 7 საათზე, დავესწრები ჩემი მეგობრის, სერგეი ბაბიანის სოლო კონცერტს, სადაც ის დაუკრავს ბახის კომპოზიციებს. ჩემი აზრით, ამ ნაწარმოების ინტერპრეტაცია შესაძლებელია, რომ პირველიც იყოს“, – განაცხადა მსოფლიოში განთქმულმა ქართველმა პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ.
მისივე განცხადებით, ფესტივალის დახურვაზე, 5 ივნისს, თბილისში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ის თავად იქნება სოლისტი და რამდენიმე კომპოზიციასაც შეასრულებს. მუსიკოსის განცხადებით, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ორკესტრი ნიკა რაჭველის დირიჟორობით და ასევე შესრულდება უწმინდესის, ილია მეორის რამდენიმე ნაწარმოებიც.
მე-11 საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 9 ივნისს ქალაქ ბათუმში დასრულდება, აღსანიშნავია, მსმენელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ცნობილ პიანისტს, ალექსანდრე კორსანტიას, ბათუმშიც მოუსმინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები