ერდოღანი შობადობის შეზღუდვის წინააღმდეგია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შობადობის შეზღუდვას მუსულმანური სარწმუნოების წესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს და მისი კატეგორიული წინააღმდეგია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ის მოსახლეობას მიუწოდებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე უარი თქვან და რაც შეიძლება მეტი ბავშვი გააჩინონ. „პირდაპირ ვამბობ – ჩვენ ხელს შევუწყობთ შობადობის და მოსახლეობის რაოდენობის ზრდას. ოჯახის დაგეგმვა, შობადობის კონტროლი მუსულმანების წესებს და ყურანის კანონებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ერდოღანმა. ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა სტამბოლში გააკეთა, სადაც ახალგაზრდობის და განათლების ფონდის 20 წლის იუბილე აღინიშნებოდა. თურქეთის პრეზიდენტი კონტრაცეფციის წინააღმდეგ ადრეც გამოდიოდა. 2014 წელს მან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას სახელმწიფოს ღალატი უწოდა.