ავსტრალიელმა მეცნიერებმა ზვიგენებს პიროვნების ნიშნები დაუდგინეს
ავსტრალიელმა ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ ზვიგენებს პიროვნების ნიშნები აქვთ. მეცნიერებმა ეს დასკვნა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, პორტ – ჯექსონის ყურეში ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიტანეს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, პიროვნების ნიშნების მთავარი მაჩვენებელია თვითიდენტიფიკაცია და ქცევის ნორმების დაცვა. მკვლევარებმა ეს თვისებები ზვიგენებში აღმოაჩინეს.
კვლევების დროს ორმოცამდე ზვიგენი სპეციალურ რეზერვუარში მოათავსეს. გარკვეულ მომენტში რეზერვუარში რამდენიმე წამით დენი გაუშვეს, რის შემდეგ მეცნიერებმა თევზების ტვინის აქტივობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს. ზვიგენების უმეტესობას გაღიზიანების ნიშნები დაუფიქსირდათ. შეცვლილ გარემოზე მკაფიო და მდგრადი რეაქციები, ბიოლოგების აზრით, ცოცხალი არსების ხასიათს აყალიბებს.
ცნობისთვის, ერთი წლის წინ ბელგიელმა მეცნიერებმა მსგავსი ინდივიდუალური თვისებები ტარაკნებს დაუდგინეს. ისინი ქცევის მიხედვით ორ კატეგორიად დაყვეს – მშიშრებად, რომლებიც მცირე საფრთხის დროს იმალებოდნენ და ავანტიურისტებად, რომლებიც საკვების მოსაძიებლად რისკზე მიდიოდნენ.