„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად – მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომლებიც გუშინ ვერაზე დაჭრეს.

მისი განცხადებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენს კლინიკაში შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა, 17-18 წლის ბიჭები. ორივეს ესაჭიროებოდა ოპერაციული მკურნალობა. ერთს დაზიანება ჰქონდა მარცხენა მხარის, მეორეს მარცხენა მტევნის არეში. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ვესაუბრე ახლა, ორივე კარგად არის, თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა შმაგი ჭიოკაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრეს. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები