ბიძინა ივანიშვილი: 2013-2015 წლებში ენერგეტიკაში 2 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა

2013-2015 წლებში ენერგეტიკაში 2 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ენერგეტიკული პროექტების მოცულობა.
„2013-2015 წლებში ენერგეტიკაში 2 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უკვე შევიდა ექსპლუატაციაში 523 მილიონი დოლარის ღირებულების 14 ჰიდრო და 1 თბოელექტროსადგური.
უახლეს მომავალში ექსპლუატაციაში შევა კიდევ ექვსი ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის – 416 მილიონი დოლარის ღირებულების შუახევჰესი. დაიწყო ნენსკარაჰესის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 1 მილიარდი დოლარია.
გაფორმდა მემორანდუმები 104 განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელების შესახებ, რომელთა საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 2800 მეგავატს აღემატება, ხოლო საინვესტიციო ღირებულება 6 მილიარდი დოლარია“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
წერილში საუბარია ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზეც.
“საგრძნობლად იმატა ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპმა. მაგალითად, წელიწადში საშუალოდ 2,5-ჯერ მეტი ავტობანი შენდება, ვიდრე – წინა ხელისუფლების დროს.
აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მოხდა, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საქართველოსათვისაც. მოვლენების ამგვარი განვითარების გარეშე, რასაკვირველია, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2004-2012 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი არ ყოფილა. სომხეთს, ბელორუსიას, აზერბაიჯანს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. 2013-2015 წლებში კი, საქართველოს, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს.
დასკვნით ფაზაში შევიდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსების პროექტი. რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებიც დაესწრნენ მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო ცენტრის მშენებლობის დაწყებას, ხოლო სექტემბერში ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობას შევუდგებით“, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ზრუნვის საგნად რჩებიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და საპასუხო გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად საკუთარ სამშობლოში დევნილებად იქცნენ. როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, მთავრობამ დაიწყო დევნილთათვის ბინების აშენება, სახლების შეძენა და ფართების დაკანონება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები