ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს მთლიანი ვალი ყველაზე ნაკლებად 2013-2015 წლებში გაიზარდა

საქართველოს მთლიანი ვალი ყველაზე ნაკლებად 2013-2015 წლებში გაიზარდა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
როგორც ექსპრემიერი აღნიშნავს, არსებული ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს ქვეყნის გადაყვანა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკაზე.
“2013-2016 წლებში (2016 წლის პროგნოზის გათვალისწინებით), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 62%-ით მეტია, ვიდრე – 2009-2012 წლებში.
საქართველოს მთლიანი ვალი ყველაზე ნაკლებად 2013-2015 წლებში გაიზარდა. 2007-2009 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 5 მილიარდ 34 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2010-2012-ში – 4 მილიარდ 453 მილიონით, ხოლო 2013-2015 წლებში მხოლოდ 1 მილიარდ 686 მილიონი დოლარით, ანუ წინა სამ წელთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებით. 2013 წელს დასრულდა პრაქტიკა, როცა ქვეყანა სავალუტო დეფიციტს მასშტაბური ვალის აღებით აბალანსებდა და პირიქით, ვალის აქტიურად დაფარვა დაიწყო.
2013 წლიდან საგარეო ვალის ზრდით მიღებული ეკონომიკური ზრდის იმიტაციის ნაცვლად ჩამოყალიბდა ინვესტიციებზე დამოკიდებული კონკურენტუნარიანი გარემო, ამის დასტურია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის გლობალურ რეიტინგში 2006-2007 წლებში 87-ე ადგილზე ვიყავით, 2011-2012 წლებში 88-ე ადგილზე დავქვეითდით, ხოლო 2015-2016 წლებში 66-ე ადგილზე გადავინაცვლეთ და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას გადავუსწარით. ეს არის რეიტინგი, რომელიც ყველაზე კომპლექსურად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას.
სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი პირველად გადააჭარბებს 10 000-ს საერთაშორისო დოლარს (მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით), რაც 25%-ით აღემატება 2012 წლის დონეს.
იმავე კვლევის მიხედვით, 2017-2021 წლებში საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 46.4%-ით გაიზრდება და 2021 წელს 14 663 საერთაშორისო დოლარს მიაღწევს, ხოლო ზრდის ტემპი 11.9% გახდება. თუ ასეთი ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ, რაც სრულიად რეალურია, 2030 წლისთვის მშპ-ს მაჩვენებელი გაოთხმაგდება და 40 000 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს. ეს ციფრები ახლოს არის ევროპის წარმატებული ქვეყნების დღევანდელ მონაცემებთან და ჩვენი მოქალაქეებისთვის სტაბილური კეთილდღეობის გარანტიას წარმოადგენს.
მსოფლიო ბანკმა გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა 17 ანალიტიკური ცენტრის შემაჯამებელი კვლევა, რომლის მიხედვით, ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014 წელს დაფიქსირდა. 200 ქვეყანას შორის, სადაც კვლევის მიხედვით მმართველობის 6 ჯამური ინდიკატორია მოცემული, საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეს ინდიკატორებია: მთავრობის ეფექტიანობა, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი, გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, რეგულაციების ხარისხი, პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა.
დღეს მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგით საქართველო რეგიონში ლიდერია და, გარდა ამისა, მთელი რიგი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, პოლონეთი, იტალია, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა და სხვა“,-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები