თამაზ მეჭიაური – თბილისში ამომრჩეველთან კომუნიკაცია უფრო კომფორტულია, ვიდრე რეგიონში

საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ თბილისში, ამომრჩეველთან ურთიერთობა გაცილებით უფრო მარტივი და კომფორტულია, ვიდრე რეგიონში.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას მან არ გამორიცხა, რომ რიგი მიზეზების გამო, საპარლამენტო არჩევნებში კენჭი არა მთიანეთში, არამედ სწორედ თბილისში იყაროს.
„თითოეულ რაიონს 2-3 დეპუტატი ეყოლება, აქედან გამომდინარე კი, შესაძლებელია, ერთ კვირაში ფეხითაც, ყოველგვარი ტრანსპორტის გარეშე შემოიარო მთლიანი ოლქი. რა რაოდენობაც ერთ სოფელში ცხოვრობს, აქ შესაძლოა, მხოლოდ ერთ კორპუსში ცხოვრობდეს, თუმცა, სამაგიეროდ, მათთან კომუნიკაციას დიდი დრო სჭირდებოდეს. აქედან გამომდინარე კი, იმ პრობლემატიკის გასაცნობად თბილისში ამომრჩეველთან უფრთიერთობა გაცილებით უფრო ადვილია. ეს მაქვს მხედველობაში. ამას გარდა, თბილისში, ამა თუ იმ უბანზე მუშაობს, როგორც, ერთი მხრივ, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები, ასევე ქალაქიდან.
ერთი გზა შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე ათას ადამიანს, მაშინ როდესაც რამდენიმე ოჯახს შესაძლოა, სჭირდებოდეს ერთი გზის გაკეთება, რომლის გასაკეთებელი თანხების მოძიების პროცესიც უამრავ პრობლემებთან იყოს დაკავშირებული, მაშინ, როცა თბილისში მას ბუნებრივად აკეთებს მერია, გამგეობა ან ცენტრალური ბიუჯეტი.
მაჟორიტარი დეპუტატისგან ისეთი საკითხების გადაწყვეტას მოითხოვენ, რომლებიც პირდაპირ კავშირში არ არის მაჟორიტართან, თუმცა უარსაც ვერ ეტყვი. გამომდინარე აქედან, ვგულისხმობ, ამ კუთხით, გაცილებით უფრო კომფორტულია კენჭისყრა თბილისში, ვიდრე ისეთ რეგიონში, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოშია, მაგალითად, მთიანეთი, ყაზბეგი. დასავლეთში კიდევ უფრო უარესად არის საქმე, ხუთი რაიონი ერთიანდება ერთ ოლქად – მესტია, ლენტეხი, რაჭა, ამბროლაური და ცაგერი და ხუთ რაიონს ერთი დეპუტატი ჰყავს. ეს კანონი არ მიმაჩნია სწორად, რადგან იმ რაიონებში სადაც მოსახლეობა ნაკლებია, პრობლემა შესაძლოა, გაცილებით უფრო მეტი იყოს“,- განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები