გიორგი მარგველაშვილი: სიტყვა „დიასპორა“ შეიძლება შეიცავდეს ტკივილსაც, სევდასაც, მაგრამ დიდი სულიერი ძალის მატარებელიც არის

სიტყვა „დიასპორა“, ერთი მხრივ, შეიძლება, შეიცავდეს ტკივილსაც, სევდასაც, მაგრამ ამავე დროს, დიდი პოტენციის და სულიერი ძალის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე დიასპორის წარმომადგენლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში მიმდინარე დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არაერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება, რომელიც ქმნიდა ქვეყნის თვითმყოფადობას საქართველოს გარეთ, დიასპორის წარმომადგენელი იყო.
„ჩვენ ვიცით, რომ შოთა მოღვაწეობდა იერუსალიმში, დავით გურამიშვილი ცხოვრობდა უკრაინაში. სულხან-საბას მიერ შექმნილ ძირითად ნაწარმოებს თუ შევხდევათ, ის ელჩი იყო, ათეულობით წელს ატარებდა საქართველოს გარეთ. ისინი არა მარტო ინარჩუნებდნენ ქართველობასა და თვითმყოფადობას, არამედ ქმნიდნენ კიდევაც ამ თვითმყოფადობას. ჩვენ გვჯერა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს, არიან ისეთები, რომლებიც ქართულ თვითმყოფადობას შექმნიან“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის მუშაობა, რასაც ახორციელებს დიასპორის სამინისტრო.
„მხარდაჭერა მინდა გამოვუხატო იმ მოქალაქებს, რომლებსაც ყველა დედაქალაქში ვხვდები ხოლმე. ნაწილობრივ ვიცი ის სირთულეები, რაც დგას დიასპორის წინაშე. ნაწილობრივ მაქვს ამ სირთულეების მოგვარების შესაძლებლობა და მინდა, გითხრათ, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად ქვეყნის განვითარების საქმეში“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვთ გამოსვლისას.
ფორუმს ესწრებიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები