საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ვენეციის კომისიის ხელმძღვანელ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.
კახა კოჟორიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელსა და კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა.
„ჩვენ დეტალურად გავიარეთ კანონპროექტი, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი მოსაზრებები. ვთქვით ის, რაც მოგვწონს ამ კანონპროექტში და რაც არ მოგვწონს. გავაკეთეთ აქცენტი იმაზე, რაც არ მოგვწონს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები საფრთხეს შეუქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულად ფუნქციონირებას”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
მისივე თქმით, დასკვნის გამოქვეყნებამდე კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წევრების დამოკიდებულებაზე ვერ ისაუბრებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ვენეციის კომისიის წევრები დასკვნის გამოქვეყნებამდე არ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მე თავს შევიკავებ იმაზე საუბრისგან, თუ რა შენიშვნები აქვთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით”, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს კახა კოჟორიძე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილთან ერთად შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები