„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ კომიტეტი საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ „სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საორგანიზაციო კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სურვილის გამო – საქართველოსა და უკრაინისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებულ საბჭოს გადაწყვეტილებას დაურთონ გადახედილი „დროებითი შეჩერების“ მექანიზმი.
როგორც კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, არ არსებობს პრაქტიკული საჭიროება იმისა, რომ აღნიშნული შესწორება საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას თან დაერთოს.
კომიტეტი აღიარებს ევროკავშირის ლეგიტიმურ უფლებას და საჭიროებას, გააკონტროლოს მისი საზღვრები. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველომ და უკრაინამ სრულად შეასრულეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები და ისინი არ აყენებენ ევროკავშირს რაიმე მნიშვნელოვანი მიგრაციული გამოწვევების წინაშე.
კომიტეტის განცხადებით, ამ ორი საკითხის გაერთიანება გამოიწვევს უსარგებლო ხანგრძლივ პროცედურებს და უვიზო რეჟიმის დაწესების შეყოვნებას. ამასთან, კომიტეტი დარწმუნებულია, რომ მსგავსი შეყოვნება მნიშვნელოვნად დააზიანებს ევროკავშირის იმიჯს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში და ამ ორ ქვეყანაში საზოგადოების გაუცხოებას გამოიწვევს. კომიტეტის განცხადებითვე, ძველი ელიტების არსებობითა და რუსეთის გავლენის გამო, რეფორმების პროცესი საქართველოსა და უკრაინაში საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები