თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება წარმატებით დასრულდება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება წარმატებით დასრულდება.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახს და იმედი გამოვთქვა, რომ ის ძალიან საფუძვლიანი გამოძიება, რომელიც ჩვენს პოლიციას მიჰყავს პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ, წარმატებით დამთავრდება. წარმატებაში მე ვგულისხმობ დამნაშავის შეპყრობას და სათანადოდ დასჯას“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზს, მინისტრის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების თვალსაზრისით ზომები გამკაცრდა.
„იქ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უსაფრთხოების ზომები მხოლოდ და მხოლოდ თუ გამკაცრდა, თორემ, სხვა მხრივ, არ შეცვლილა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ამგვარი ტრაგედიები იქნეს თავიდან აცილებული და დღეს პატივს მივაგებთ, როგორც პრემიერმა განაცხადა, ტრაგედიის მხვერპლს, რომელიც ოკუპაციას შეეწირა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს ე.წ. სასაზღვრო – გამშვებ პუნქტთან მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს დაკრძალეს.