დავით უსუფაშვილი: ვულოცავ ყველას, ვულოცავ ჯარისკაცებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს სამშობლოს ერთგულებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საჯარისო ნაწილების წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
„განსაკუთრებული დღეა ყველა 26 მაისი, მაგრამ 25 წელი განსაკუთრებით აღსანიშნავია. ვულოცავ ყველას, ვულოცავ ჯარისკაცებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს სამშობლოს ერთგულებაზე. მინდა პატივი მივაგოთ მათ, ვინც სამშობლოს შესწირა ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე, მათ შორის რამდენიმე დღის წინაც. ვისურვოთ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჯარისკაცების, მოქალაქეების, პარტნიორების, მეგობრების მთელი მსოფლიოდან საქართლოში იქნება მშვიდობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საზეიმო ღონისძიებას, აგრეთვე, ესწრებოდა უცხო ქვეყნის ცხრა საპარლამენტო დელეგაცია, მათ შორის უკრაინის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ისრაელის, ჩეხეთის, ბელორუსიის, სომხეთისა და თურქეთის პარლამენტების სპიკერები, ვიცე-სპიკერები და პარლამენტის წევრები, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რომლებიც საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოწვევით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებიან.
საზეიმო ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც განლაგებული იყო სამხედრო ტექნიკა. მათ შორის აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა – „აბრამსი“ და „ბრედლი“.
ღონისძიებაზე რეკრუტების გარდა წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების XII ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები.
პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება. თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყობა კახეთში – იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში – ნოქალაქევის ციხესიმაგრეში, სამცხე-ჯავახეთში – ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში – ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში – ბათუმის ბულვარში.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, რუსთაველის დრამატული თეატრის ფოიეში მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმთან, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენასთან და 1991 წლის 26 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები, გაზეთები და ფოტომასალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები