მიხეილ ჯანელიძე გიგა ოთხოზორიას მკვლელზე – „კანონის მიხედვით დამნაშავე დაისჯება“

„ყველა ის პროცესი და ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებამ აამოქმედა, იქნება ქმედითი და მოხდება დამნაშავის დასჯა და კანონის მიხედვით პასუხისგება“, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომის ფორმატში განხილვის თაობაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობას და შესაბამის სტრუქტურებს არცერთი წუთით არ დაუგვიანია საჭირო ქმედება და ნაბიჯი. „საქართველოს მთავრობას და ყველა შესაბამის სტრუქტურას არცერთი წუთით არ დაუგვიანებია შესაბამისი ქმედება და ნაბიჯი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა იმ პროცესით და ინსტრუმენტით, რომელიც ავამოქმედეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ, რომ დამნაშავე დაიჭირონ და მან კანონის მიხედვით აგოს პასუხი იმ საშინელი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დასვამს გალის ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე.
„ჩვენ შესაბამის რეაგირებას ველოდებით ამ მექანიზმის ფარგლებში“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას გეგმავს, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები