დავით უსუფაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერთან, ჰერმინე ნაღდალიანთან გამართა, რომელიც საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მასთან ერთად აღნიშნავენ ისეთი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიც სომხეთია.
ჰერმინე ნაღდალიანმა, სომეხი ერის სახელით, პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ 26 მაისი საქართველოს გამარჯვების დღეა.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებს, წარმატებით გაუმკლავდეს თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ ყველა დაბრკოლებას და ჩვენს რეგიონში მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა იქნება.
რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე საუბრისას, დავით უსუფაშვილმა რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართული საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ კონფერენციაზე დასასწრებად ბალტიისპირეთის ქვეყნების – ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები ერთი თვითმფრინავით ესტუმრნენ საქართველოს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი იმედია, რომ ერთ დღეს, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებიც ერთად გაემგზავრებიან ასეთი ტიპის ღონისძიებებზე დასასწრებად და რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებს ჩვენი ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით გაუმკლავდებიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ჰერმინე ნაღდალიანის განცხადებით, სომეხი და ქართველი ხალხი, ისტორიულად, ყოველთვის იდგა ერთმანეთის გვერდით და ეს ასეც გაგრძელდება მომავალშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები