“დღეს ვიხსენებთ, 25 წლის წინ როგორ გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას“

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ მშვენიერი დღისათვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორესა და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცა.
პრეზიდენტის თქმით, უნდა შეიქმნას სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება იქნება დაცული.
„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს დღე მინდა მივულოცო აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მინდა მივულოცო მილიონობით საქართველოს მხარდამჭერს მთელს მსოფლიოში და მივულოცო ემიგრანტებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ ამ დღეს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ მშვენიერი დღისათვის. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს დღე რეალობად სწორედ ზვიად გამსახურდიამ აქცია.
„დღეს ვიხსენებთ, 25 წლის წინ როგორ გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. ვიხსენებთ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია. 25 წლის წინ, დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს, რომ შევქმნათ თავისუფალი ადამიანებისგან შექმნილი თავისუფალი საზოგადოება. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ეს არის ჩვენი ღირებულებები“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
წელს, პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი, თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები