გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ნატოს სრულად ვუჭერთ მხარს და ვიმსახურებთ, ვიყოთ მათი ნაწილი

საქართველო დამოუკიდებლობის საუკუნის მეოთხედს აღნიშნავს – ამ სათაურით სტატიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გამოცემა Newsweek-ში აქვეყნებს.
სტატიაში კვირიკაშვილი წერს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების სიხარული გაიზიარა მილიონობით ამერიკელმა და ევროპელმა, რომელთა დახმარებით საქართველომ გამარჯვება მოიპოვა.
„ახლა მოვიდა დრო, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ და გავამყაროთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საყრდენი. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის ძლიერ სიგნალთან ერთად თანამშრომლობისა და საქართველოსადმი ერთგულების შესახებ ამის მიღწევა შესაძლებელია“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.
საქართველოს მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა რეგიონში, აქ კორუფციის ყველაზე დაბალი დონეა, ყველაზე თავისუფალი მედია და ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. „საქართველო დაუბრუნდა ევროპულ ფესვებს და სწორედ აქ ვაპირებთ დარჩენას“, – წერს კვირიკაშვილი.
მისი თქმით, ამ გზაზე საქართველოს დახმარება მეგობარმა და მოკავშირე ქვეყნებმა, პირველ რიგში, აშშ-მ გაუწიეს. გიორგი კვირიკაშვილი ერაყსა და ავღანეთში საერთაშორისო მისიაში საქართველოს წვლილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ კოლეგებთან ერთად მხარდამხარ იბრძოდნენ.
“ჩვენ ვიბრძვით ნატოსთვის და ჩვენ ვცდილობთ, გავხდეთ ალიანსის სრულფასოვანი წევრი. საქართველო მასპინძლობს ნატოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს. ჩვენ ასევე უზრუნველვყოთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის ქვედანაყოფს. ჩვენ ნატოს სრულად ვუჭერთ მხარს და ვიმსახურებთ ვიყოთ მათი ნაწილი.ზოგი ფიქრობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს, რაც არალოგიკურია, ჩვენ აღარ ვცხოვრობთ „გავლენების სფეროებში“. საქართველოს ნატოში ყოფნა რუსეთის ინტერესებს პირდაპირ ემსახურება, ვინაიდან ამგვარად მისი მეზობელი ტერიტორია დაცული იქნება“, – წერს კვირიკაშვილი.
კვირიკაშვილი სტატიაში ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ განვითარებაზეც. მისი თქმით, საქართველო „ახალი აბრეშუმის გზის“ რეგიონში ცენტრალურ ჰაბს წარმოადგენს და წამყვან როლს ასრულებს ჩინეთსა და სხვა რეგიონულ ქვეყნებში.
„უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ამის დემონსტრირება უკვე მოხდა საქართველოს მონაწილეობით ისეთ არსებით ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოებს ევროპასა და თურქეთთან აკავშირებს“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.
და ბოლოს, პრემიერი აშშ-ისა და საქართველოს შორის კავშირების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები