„როცა პატრიარქს ეტყვი – შენს განკითხვაში ვარო, ისიც უნდა უთხრა, რატომ“

    როცა პატრიარქს ეტყვი – შენს განკითხვაში ვარო, ისიც უნდა უთხრა, რატომ, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. ქადაგებისას უწმინდესმა ერთი კვირის წინ მომხდარი ამბავი გაიხსენა.
“ერთი კვირის წინ მე მოვედი აქ იმ დროს, როცა წირვა-ლოცვა არ იყო. ხალხი ბევრი იყო და ერთ-ერთი ქალბატონი მეუბნება, უწმინდესო, სულ თქვენს განკითხვაში ვარო. მე ვკითხე მას, რატომ ხარ მეთქი განკითხვაში და ის უკან წავიდა. მართალია, განსაკითხავი ბევრია ჩემში, მაგრამ პატრიარქს რომ ეტყვი შენს განკითხვაში ვარო, ისიც უნდა უთხრა, რატომ ხარ. ისიც უნდა უთხრა, რას ხედავ, იქნებ მე ვერ ვხედავ და ის ხედავს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესმა ის შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც ყოფილ პატრიარქ კალისტრატეს ერთ-ერთმა ადამიანმა იუდა უწოდა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ იმის მაგივრად, უწმინდესი კალისტრატე აღელვებულიყო, მას უთხრა, რომ ის არ იყო იუდა და ის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
“ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ განკითხვაში. შეიძლება მართლა ცოდვილია ადამიანი, შენ ხედავ იმის ნაკლს, მაგრამ იმას ხომ ვერ ხედავ, როგორ ინანიებს, როგორ დასცინის თავის თავს და ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ადამიანი განსაკუთრებით ხედავს სხვის ცოდვებს, განკითხვაშია და თავის ცოდვებს ვერ ხედავს. რომელიც განიკითხავს სხვა ადამიანს, თვითონ ვარდება იმ ცოდვაში”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები