დიმიტრი ქუმსიშვილმა პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრებს 20 წლის იუბილე მიულოცა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დაესწრო და დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
ვიცე-პრემიერმა მიულოცა ფედერაციის წევრებს ორგანიზაციის 20 წლის იუბილე. მისი შეფასებით, აღნიშნულმა ფედერაციის თაოსნობით საქართველოში არაერთი საბუღალტრო და აუდიტორული საერთაშორისო სტანდარტი დაინერგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საინვესტიციო და ზოგადად მთელი ბიზნესსექტორისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.
ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფედერაციამ დიდი წვლილი შეიტანა პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორითა გადამზადების მიმართულებითაც.  მისი აქტიური ძალისხმევით ჩამოყალიბდა სპეციალისტთა გადამზადების, პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა.
საზეიმო მიღებას ასევე დაესწრნენ და დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და თბილისის მერი დავით ნარმანია.
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია 7000-მდე ფიზიკურ პირსა და 90-მდე წამყვან აუდიტორულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაცია 2000 წლიდან  ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის IFAC-ის  წევრია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები