საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ28–კმ65 (სასადილო–თელავი) მონაკვეთში მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ36–კმ48 (ვერონა-თეთრიწყლები) მონაკვეთში დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.