ბათუმში 6 -ბალიან შტორმს ელოდებიან

   ბათუმში 6-ბალიან შტორმს ელოდებიან,- ამის შესახებ „კვირას“ ბათუმის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა. თურმანიძის თქმით, პროგნოზის მიხედვით 21:00 საათის შემდეგ მოიმატებს ქარის დონეც, ქარი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გაძლიერდება და მისი სიძლიერე 15-20 მეტრს მიაღწევს.
„ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გუშინ ვიყავით ინფორმირებული. იახტკლუბი, სადაც ჩვენი სამაშველოა განთავსებული, საგანგებო – სამაშველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა, და იმ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე იქმნება, გემები ღია ზღვაში აღმოჩნდებიან, ჩვენ ამ იახტკლუბს უსასყიდლოდ ვუთმობთ და ისინი საშტორმო მდგომარეობის გაუქმებამდე თავს დაცულად გრძნობენ. ხულოში, შუახევში, ქედაში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. ხულოში გვქონდა მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევა. ნემიის მონაკვეთში მეწყერმა დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიტანა, რის გამოც გზა ჩაიხერგა, თუმცა მაშველებმა გზის გახსნა ერთ საათში შეძლეს.
წინასწარი პროგნოზის მიხედვით დღეს საღამოსთვის წყლის ღელვამ უნდა მოიმატოს. პროგნოზის მიხედვით, 9 საათის შემდეგ ღელვის დონემ 6 ბალს უნდა მიაღწიოს, ხოლო ქარი სამხრეთ დასავლეთით 15-20 მეტრს შეადგენს“, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
მამუკა თურმანიძე ზღვაზე საშტორმო მდგომარეობის გაუქმებამდე მებადურებს საქმიანობისაგან თავის შეკავებას ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები