პორტუში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
ქალაქ პორტუში, პორტუს რეგიონში საქართველოს საპატიო საკონსულოს ინაუგურაცია გაიმართა. საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული ურთიერთობები შეაფასა პორტუგალიაში საქართველოს ელჩმა გიორგი გორგილაძემ. როგორც ელჩმა აღნიშნა, საპატიო საკონულოს გახსნა ხელს შეუწყობს პურტუში საქართველოს პოპულარიზაციას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პორტუგალიაში საქართველოს ელჩი გიორგი გორგილაძე, პორტუს მერი ლუი მორეირა, პორტუში საქართველოს საპატიო კონსული ლუიშ მარინიუ, ასევე ბიზნესწრეების, რეგიონის კულტურის სფეროსა და ქართული დიაპორის წარმომადგენლები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას პორტუში საქართველოს საპატიო კონსულმა ლუიშ მარინიუმ საპატიო საკონსულოს სამომავლო გეგმები გააცნო, ისაუბრა ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ქ.პორტუს მერის განცხადებით, პორტუს რეგიონსა და საქართველოს შორის მცირე ხანში საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებას საპატიო საკონსულო კიდევ უფრო დაეხმარება. საინაუგურაციო პროგრამის ფარგლებში, საპატიო კონსულისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პორტუს თეატრში “ღივოლი” ბათუმის ვოკალურ ანსამბლ “ბათუმელების” კონცერტი გაიმართა. ანსამბლმა ასევე მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია Porto Canal-ის გადაცემაში, რომელიც ქართულ პოლიფინიას დაეთმო.
პორტუში საქართველოს საპატიო საკონულოს ინაუგურაციის ცერემონიას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს შესახებ საპრეზენტაციო მასალები გააცნეს.