მამა თეოდორე ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აფასებს

  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა – კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, მამა თეოდორე გიგნაძე აფასებს. როგორც მამა თეოდორე “კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ქართულ საზოგადოებას ოჯახის ერთადერთი ჭეშმარიტი დეფინიციის გამყარება კონსტიტუციით დასჭირდა. მისი თქმით, ადამისა და ევას დროიდან ოჯახი არის მამაკაცის და ქალის ერთობა და ქრისტიანული გაგებით, სხვა ტიპის ერთობას არ გულისხმობს.
“ამ ინიციატივის ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ხალხს ოჯახის დეფინიციის შეხსენება დასჭირდა. მე, როგორც მღვდელი, ოჯახად აღვიქვამ მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობას, რადგან ოჯახი სხვა რაიმეს არ ცნობს. სამწუხაროდ, ეს არის საწყენი, რომ ჩვენს ერს ოჯახის ამ ერთადერთი ჭეშმარიტი დეფინიციის კონსტიტუციით გამყარება დასჭირდა”, – ამბობს მამა თეოდორე.
სასულიერო პირს მიაჩნია, რომ თუკი სექსუალური უმცირესობები პრემიერის აღნიშნულ ინიციატივას გააპროტესტებენ, მათ წინააღმდეგობას სასულიერო პირების მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყვება. მისივე თქმით, ინიციატივის პროტესტის ლოგიკური შეფასება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ლოგიკური მხოლოდ ის არის, რომ ოჯახი მამაკაცის და ქალის ერთობაა.
“მე ვერ გავცემ პასუხს არაადეკვატურ რეაქციებს. მისი ლოგიკური შეფასება ჩემთვის შეუძლებელია. პროტესტის შემთხვევაში მე, პირადად, არაფერს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ, ეს ალოგიკურია. ალოგიკურს კი პასუხი არ უნდა გასცე, მე ვფიქრობ,  სასულიერო პირების მხრიდან არანაირი რეაქცია  არ იქნება “, – აღნიშნავს მამა თეოდორე გიგნაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.
„რადგან შესაძლოა იყოს განსხვავებული მიდგომები და არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება, გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ასე მოიქცა ლატვია, შარშან კი ხორვატია, ევროკავშირში შესვლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არსებული კანონმდებლობით, ოჯახი ისედაც განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, რომ არ მოხდეს არასწორი ინტერპრეტირება, ვფიქრობ, სასურველია ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის არსებობა. ეს კანონი არ ქმნის არავისთვის რაიმე ტიპის ახალ უფლებას; ის საზოგადოების არცერთ ჯგუფს რაიმე ტიპის პრივილეგიას არ ანიჭებს. კანონი უზრუნველყოფს მხოლოდ იმას, რომ ყველამ თანაბრად ვისარგებლოთ იმ უფლებებით, რაც უკვე გვაქვს უზრუნველყოფილი საქართველოს კანონმდებლობით“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები