გიორგი შენგელაიას დღეს ვარსკვლავს გაუხსნიან

რუსთაველის პრემიის ლაურეატს, ცნობილ ქართველ კინორეჟისორს გიორგი შენგელაიას დღეს 79 წელი შეუსრულდა.
სახალხო არტისტს, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, საღამოს 20:00 საათზე კინოთეატრ რუსთაველის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.
გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს თბილისში, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახში დაიბადა.
დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. არის ცნობილი ქართული ფილმების რეჟისორი: ,,ალავერდობა’’, ,,ფიროსმანი’’, ,,სიყვარული ყველას უნდა’’, ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა’’, ,,მიდიოდა მატარებელი”და სხვ.
იყო კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” მსახიობი.
გიორგი შენგელაიამ ქართული კინო, ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც გაამდიდრა. მას ეკუთვნის ვესტერნი „მაცი ხვიტია”, მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“ და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია”. შენგელაია ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომების მფლობელია, ასევე მოპოვებული აქვს იტალიის ბერგამოს მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი “დრაკონი”; ფიპრეისის დიპლომი, ჩიკაგოს მე–10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო“; დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია; აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია; ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი; კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი; სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი; შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები