კოლუმბიაში პანამელი ბიზნესმენი დააკავეს
კოლუმბიაში პანამელი ბიზნესმენი ნიდალ ვაკედი დააკავეს, რომელსაც ნარკომაფიის ფულის გაეთეთრებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ვაკედი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში დააკავეს, სადაც აშშ-ის სამართალდამცველ ორგანოებთან ერთობლივი ოპერაცია ჩატარდა. ვაკედს და მის ოჯახს მთელი ბიზნეს-იმპერია ეკუთვნის. შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ მისი სტრუქტურების მეშვეობით ნარკოტიკებით მოვაჭრეები ფულს ათეთრებდნენ. თანაც ეს რამდენიმე არხით ხდებოდა – ბანკით, სავაჭრო ცენტრით და პანამის აეროპორტში მდებარე duty free-ის მაღაზიებით. ვაკედების ოჯახს ასევე ეკუთვნის პანამის ერთ-ერთი უძველესი გაზეთი – Estrella de Panama.