ინდონეზია, ფილიპინები და მალაიზია ზღვის ერთობლივ პატრულირებაზე შეთანხმდნენ
ინდონეზიამ, ფილიპინებმა და მალაიზიამ ზღვის ერთობლივი პატრულირების შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ეს გადაწყვეტილება მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუწყობს. შეთანხმების მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევებში სამი ქვეყნის საპატრულო ხომალდებს თავისი მეზობლების ტერიტორიული წყლების საზღვრების გადაკვეთის უფლება ექნებათ.
ბოლო დროს რეგიონში გახშირდა გემებზე თავდასხმა, რაზეც პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „აბუ საიაფმა“ აიღო, რომლის ბაზაც ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. აპრილის ბოლოს „ბოევიკებმა“ 2015 წელს დატყვევებულ მძევალს თავი მოჰკვეთეს. ახლა ისინი სამი მძევლის დახოცვით იმუქრებიან.