პრემიერი: ევროპის საბჭოს დადგენილება ადასტურებს, რომ საქართველო დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დოკუმენტი „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ორი დღის წინ, ევროპის საბჭოში მიღებული იქნა ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება, რომელიც ძალიან ნათლად მიუთითებს ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას იმ ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ამ ტერიტორიებზე, ანუ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიცვას იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, როგორც ქართულ ენაზე განათლების მიღების, ისე საკუთრების, ადმინისტრაციულ, გამყოფ ხაზზე გადაადგილების კუთხით და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთხელ მოხდეს საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია. თვითონ დოკუმენტს ჰქვია „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ადგილს იკავებს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვა უწყებების მხრიდან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა ასევე გადაუხადა საქართველოს ელჩს ევროპის საბჭოში, კონსტანტინე კორკელიას.