გიორგი კვირიკაშვილი: „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარეობა საქართველოს რეფორმების აღიარებაა
საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარედ არჩევა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებაა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვან მიღწევაზე მინდა ვისაუბრო – „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საერთაშორისო ფორმატში საქართველო გახდა მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე, რაც ღია მმართველობის კუთხით რეფორმების აღიარება და დიდი მიღწევაა. თავმჯდომარე ქვეყანა გახდა საფრანგეთი, ჩვენ ვართ თანათავმჯდომარე. ერთი წლის შემდეგ საქართველო გახდება თავმჯდომარე, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი მიღწევაა. ამ მიმართულებით საქართველოში ჩატარდა ორი საერთაშორისო ფორუმი. 2013 წელს დაიწყო აღნიშნული რეფორმები და დღეს ასეთი საერთაშორისო მაღალი პოზიციის დაკავება საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების აღიარება გახლავთ“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა გაიხსენა ისიც, რომ 2013 წლის 1-ელ ნოემბერს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა.