“ანა დოლიძესთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, პრეზიდენტის კანდიდატობის გამოა დაწუნებული თუ ხიდაშელის მოადგილეობის გამო”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის გაჭიანურების გამო პარლამენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის ასეთი ქმედებით თავს სერიოზულად იზიანებს.
ლევან ბერძენიშვილს უკვირს, თუ რა მიზეზით არის დაწუნებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი ანა დოლიძე.
„ანა დოლიძესთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, პრეზიდენტის კანდიდატობის გამოა დაწუნებული, თინა ხიდაშელის მოადგილეობის გამო, თუ მისი სავარაუდო რესპუბლიკური კავშირების გამო, თუმცა იგი ჩვენი პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა.
პარლამენტი სერიოზულად იზიანებს თავს, როდესაც უზენაეს სასამართლოს არ აძლევს კანდიდატებს. მე გულში ვერ ჩავხედავ ვერც გია ვოლსკის და ვერც სხვებს, მაგრამ პირადად მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატების მხარდაჭერა შეიძლებოდა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა დაახლოებით ერთი თვის წინ დაასახელა, თუმცა პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში, ამ თემაზე არ უმსჯელია და არც კენჭისყრა ჩატარებულა.