იენს სტოლტენბერგი – მოსკოვი საერთაშორისო სამართალს არღვევს

„მოსკოვმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში და არღვევს საერთაშორისო სამართალს’’, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპული გამოცემებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც გამოცემასთან სტოლტენბერგი აღნიშნავს, ალიანსი რუსეთის ქმედებებზე „დამაჯერებელი შემაკავებელი ფაქტორების საშუალებით“ უნდა რეაგირებდეს, რაც ბალტიისპირეთში ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.
„მოსკოვმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში და არღვევს საერთაშორისო სამართალს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ამჟამად განიხილება გეგმა, რომლის თანახმად, ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანასა და პოლონეთში გაიგზავნება საერთაშორისო ბატალიონი, რომელიც როტაციული პრინციპით იმოქმედებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის წევრი ქვეყნებში ივლისში, ვარშავის სამიტზე მიიღებენ. იენს სტოლტენბერგმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ალიანსის რომელიმე წევრზე აპირებდეს თავდასხმას. „თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის სრული სოლიდარობა უზრუნველვყოთ და, ამავდროულად, გავატაროთ შეკავების პოლიტიკა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ნატოს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია, ან „ცივი ომის“ განმეორება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები