ზვიად ძიძიგური: 13 პარტია ჩვენთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო დაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, ზივად ძიძიგურის განცხადებით, 13 პარტია სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო დაიშალა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიულმა ჯგუფმა, რომელიც 13 არაპარლამენტო ოპოზიციური პარტიისგან შედგებოდა, უარი თქვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებზე.
ძიძიგურის თქმით, ამ პარტიებს საარჩევნო ბარიერის დაწევა თავის დროზე რომ მოეთხოვათ, ამისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება მოესწრებოდა, მაგრამ ახლა ამის დრო აღარ არის.
“მათი ხუთი მოთხოვნიდან ერთი იყო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც თავიდანვე ითქვა, რომ არ გამოვიდოდა. მეორე საკითხი იყო ბარიერის დაწევა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებას ითხოვს. როდესაც ამდენი თვის განმავლობაში ჩვენი კოლეგები ხან პრეზიდენტის სასახლიდან გვიქნევდნენ მუშტებს – თუ სისტემას არ შეცვლით, სხვა თემაზე არ დაგელაპარაკებით, დაეყენებიათ ეს საკითხი და დროშიც მოესწრებოდა ამ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება, ახლა დროშიც არ ესწრება“, – განაცხადა ზვიად ძიძგურმა.
როგორც მან აღნიშნა, კიდევ ერთი მოთხოვნა შეეხებოდა საარჩევნო ადმინისტრაციასთნ დაკავშირებულ მოთხოვნებს, რაც კოალიციის დაშლის შემდეგ თავისთავად არის შესრულებული და იყო მოთხოვნები, რომელიც ასევე იყო გათვალისწინებული გიორგი კვირიკაშვილის და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან.
“ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნები იქნა გათვალისწინებული, რომლის განხორციელებაც განსაკუთრებით ამ პარტიებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო ეს 13 პარტიაც დაიშალა“, – აღნიშნა ძიძგურმა.
მისივე თქმით, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები შეხვედრებზე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პოზიციას იცვლიდნენ: “შიგნით თითქოს ყველაფერზე ვთანხმდებოდით, შემდეგ როცა გავიდოდნენ, როგორც ჩანს ეცვლებოდათ პოზიცია. არ დათანხმდნენ შეთავაზებას, რომელიც ჩემი აზრით, მათთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. 2011 წელს იყო რვიანის ფორმატი, რომელსაც მხარს უჭერდა არასამთავრობო სექტორი, დიპლომატიური წარმომადგენლობა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანი და ეს რვიანი ფორმატიც დაიშალა მაშინ ახალი მემარჯვენეების და ქრისტიან-დემოკრატების მხრიდან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად“, – აღნიშნა ძიძიგურმა.
მისი თქმით, ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა უარი განაცხადეს პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე, მათ შორის დაფინანსებასა და უფასო სარეკლამო დროზე, რაც არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები