კობა გვენეტაძე: ონლაინსესხების საკითხს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს

დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში ეს კომპანიები, რომლებიც ონლაინსესხებს გასცემენ, არ შემოდიან, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაევალება ონლაინსესხების რეგულირება.
”ეს არის ის საკითხი, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში ეს კომპანიები, რომლებიც ონლაინსესხებს გასცემენ, არ შემოდიან. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუ ვის დაევალება ზოგადად, ონლაინსესხების რეგულირება. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ზოგადად რომ ვისაუბროთ, თავისთავად სესხის აღებამ მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა არ უნდა გააუარესოს. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ყველა ის ღონისძიება, რომელიც გატარდება ამ მიმართულებით. ამავე დროს, მსესხებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ შეაფასოს ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ სესხის მიღებასთან”, – განაცხადა გვენეტაძემ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც გადაწყდება, თუ ვინ გააკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, ის ღონისძიებები შემუშავდება, რომლებიც მომხმარებელთა დაცვას მაქსიმალურად შეეცდება.
”ჩვენ ამ გამოცდილებას ვსწავლობთ. ვფიქრობ, ეს საკითხი მისახედია და მას შემდეგ, რაც გადაწყდება, თუ ვინ გააკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, შესაბამისად, მოხდება იმ ღონისძიებების შემუშავება, რაც მომხმარებელთა დაცვის მიზნით მაქსიმალურად შეეცდება, რომ სავალალო შემთხვევები გამორიცხული იყოს. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობაზე კარგად აისახება”, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები