დიმიტრი ხუნდაძე: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს სურთ, მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წაართვან

“ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მონათესავე სატელიტ პარტიებს სურთ, მოსახლეობას წაართვან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე “ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკულ განცხადებებს.
დეპუტატის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა“ სოციალური თემებით სპეკულირებს. ხუნდაძე ამბობს, რომ აღნიშნული, წინასაარჩევნოდ, “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მასირებული შეტევის მცდელობას წარმოადგენს. დეპუტატი პირობას დებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეშვეობით ხელისუფლება გააგრძელებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.
„დაიწყო წინაასარჩევნო პერიოდი და მასირებული შეტევა ყველაზე დიდ პოზიტივზე – ქართულ წარმატებულ ჯანდაცვაზე და ყველაზე სენსიტიურ – სოციალურ თემატიკაზე. “ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მონათესავე სატელიტ პარტიებს სურთ, მოსახლეობას წაართვან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც უამრავი ოჯახი იხსნა დაღუპვისაგან და სურთ, მოსახლეობა დააბრუნონ საყოველთაო პატიმრობის პროგრამაში. ეს, მათი გაგებით, უფრო ნაკლები დაუჯდება ქვეყანას და საზოგადოების მართვაც გაცილებით იოლი იქნება. ჩემი არაერთი თხოვნისა ოპონენტების მიმართ, რომ სოციალური თემატიკა – საზოგადოების ყველაზე შეჭირვებული მოქალაქეების მდგომარეობა არ გამოეყენებინათ პოლიტიკური სპეკულირებისათვის, არათუ შეისმინეს, არამედ ისინი ფარად აიფარეს და ამით უნდათ გაიკვალონ გზა. ამის კლასიკური მაგალითი იყო გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემა „არჩევანი“, სადაც ტყუილისა და მართალის გარჩევა საზოგადოებისათვის ძალიან რთული იყო, მაგრამ მათი მიზანი თვალნათლივ ჩანდა.
გადაცემაში გამოტანილი პრობლემები არ დაწყებულა გუშინ, მაგრამ მე არ მახსოვს, როდესმე, 2012 წლამდე მსგავსი სიხშირით და სიმწვავით გაეშუქებინათ ამ ტიპის პრობლემები. სოციალური თემატიკა უნდა შუქდებოდეს, მაგრამ არა ამ ფორმით. მათი მთავარი მიზანია, ქვეყანაში შექმნან პანიკა, დაამკვიდრონ ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი, გააღვივონ სიძულვილი და ამაში ნახონ სარგებელი. მთავარია, გქონდეს პრობლემის მოგვარების პოლიტიკური ნება, რაც მათ არასოდეს ჰქონიათ. „ნაციონალურ მოძრაობას“ სოციალურად დაუცველები და პენსიონერები მხოლოდ საარჩევნოდ ახსოვთ და სჭირდებათ.
მინდა ყველას გასაგონად კიდევ ერთხელ განვაცხადო: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეშვეობით ხელისუფლება გააგრძელებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. სოციალურად დაუცველთა პრობლემებს, მიუხედავად იმისა, ვისი პოლიტიკური მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ჩავწვდებით ბოლომდე“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები