ზაქარეიშვილი: კონფლიქტურ რეგიონებში ღია პროვოკაციების ფონზე შევძელით მათი მაქსიმალურად განეიტრალება

ჩვენი ამოცანაა, ნდობის მშენებლობა და შერიგება კონფლიქტით დაშორიშორებულ ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე განაცხადა.
სახელმწიფო მინისტრის განაცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არ მცირდება გამოწვევები, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლება მშვიდობიან, პრაგმატულ და გამოსავლების მოძიებაზე მიმართულ თანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებს.
”ჩვენი ამოცანაა, ნდობის მშენებლობა და შერიგება კონფლიქტით დაშორიშორებულ ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის. რთული გამოწვევების, ღია პროვოკაციების ფონზეც, მაგალითად, როგორიცაა უკანონო მავთულხლართებისა და წინაღობების აღმართვა რუსეთის მხრიდან და გამყოფი ხაზის გასწვრივ ადამიანების პერმანენტული უკანონო დაკავებები, ჩვენ შევძელით რაციონალური რეაგირება და პროვოკაციების მაქსიმალურად განეიტრალება. თუმცა, ამ გამოწვევების სახით, ცხადია, პრობლემა ისევ სახეზეა, რაც განსაკუთრებით მათ მიმდებარე მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე ახდენს მძიმე გავლენას. ამიტომ, ქვეყნის დეოკუპაცია მნიშვნელოვანი ამოცანაა, რაშიც საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი პარტნიორების, თქვენი მხარდაჭერის გაგრძელების იმედი გვაქვს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა კომიტეტის წევრებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
”ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო 4-წლიანი მშვიდობიანი პერიოდი. გამოირიცხა ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე მორიგ კონფრონტაციისთვის იყენებდა. ერთი მხრივ, კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ქართულ-რუსულ განზომილებაში, ჟენევა ამისთვის საკვანძო ფორმატად რჩება. კონფლიქტის ცალკე განზომილებაა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები, რომელიც როგორც ჟენევის, ისე მის მიღმა – სხვა ფორმატების ფარგლებშიც ვითარდება“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი თვლის, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის უმნიშვნელოვანესი და ერთადერთი რეგულარული ფორმატი, რომელშიც ჩართულია ყველა საკვანძო აქტორი.
”ამ ფორმატის მთავარი დანიშნულებაა საქართველოსა და რუსეთს შორის დისკუსია, იმ ძირითადი საკითხების და ვალდებულებების ირგვლივ, რასაც ფორმატი უნდა ემსახურებოდეს და სამ მთავარ საკითხს მოიცავს – ძალის გამოუყენებლობა, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და დევნილების დაბრუნება. თანათავმჯდომარეებთან ერთად ვცდილობთ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე მცირე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას შევუწყოთ ხელი. ძალისხმევის შედეგი იყო ბოლო, 35-ე რაუნდზე გალის IPRM აღდგენა, რაც ოთხწლიანი პაუზის შემდგომ, პროგრესია და შესაძლებლობა კონკრეტული ინციდენტების პრევენციასა და მოგვარებაზე ვიმუშაოთ აფხაზეთის რეგიონის მიმართულებითაც“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ხელმძღვანელობს, არის გარვეული თანამშრომლობის დინამიკა სხვადასხვა საკითხებში.
”სამწუხაროდ, გადაუჭრელია ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჟენევის მომდევნო რაუნდების ამოცანად რჩება. ბოლო პერიოდში ზოგიერთი მიმართულებით გვაქვს საერთო სიტუაციის დამძიმების ტენდენციაც. კერძოდ, სერიოზულ გამოწვევად იქცა გალის რაიონში მიმდინარე პროცესები. ჟენევის შეხვედრების ბოლო რაუნდის განმავლობაში განხილვების ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, კერძოდ კი, ეთნიკური ქართველების უფლებრივი მდგომარეობის დამძიმება და დამატებითი შეზღუდვები, რაც უკავშირდება მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვას საბავშვო ბაღებსა და საშუალო სკოლებში, ასევე, ე.წ.რეგულაციების შემოღებას, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს მოსახლეობის ამ ნაწილის გადაადგილების, მუშაობის, საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები