ლაშა კილაძე: ნარკომანიის დეკრიმინალიზაცია მისი მოხმარების რისკებს ზრდის

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე მიიჩნევს, რომ ნარკომანიის ლიბერალიზაციის შემთხვევაში, არსებობს რისკები, რომ ნარკოტიკების მოხმარება საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან გაიზრდება. მისივე განმარტებით, ეს რისკები კიდევ უფრო გაიზრდება ნარკომანიის დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში. ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ნარკომანია დღეს მსოფლიოს გამოწვევაა, ამ ეტაპზე არ არსებობს ის კონკრეტული მიდგომა, რომელიც ამ პრობლემას მთლიანად გადაწყვეტდა.
„ერთი მხრივ, სასწორზე დევს ნარკომანიით დავადებული პირის, როგორც ინდივიდის უფლებები და, მეორე მხრივ, დგას ის საფრთხეები, რომელსაც ნარკომანია მისი გავრცელების შემთხვევაში უქმნის საზოგადოებას და სახელმწიფოს. რთულია სადემარკაციო ხაზის გავლება იმ კუთხით, რომ მოხდეს ნარკომომხმარებლების პირადი თავისუფლების დაცვა და, მეორე მხრივ, ის, რომ საზოგადოება ასევე იყოს დაცული იმ რისკებისგან, რასაც ნარკომანიის ფართოდ გავრცელება უკავშირდება. უნივერსალური მიდგომა არ არსებობს. ნარკოპოლიტიკის ყველა მოდელი ეფუძნება იმ მდგომარეობას, რომელიც მოცემულ სიტუაციაში ქვეყანაშია“,-განაცხადა კილაძემ.
„კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, კილაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნარკომომხმარებლების მნიშვნელოვანი ნაწილის წამალდამოკიდებულება, თავის დროზე, სწორედ მარიხუანის მოხმარებით იწყებოდა. კილაძის განცხადებით, დღეს მარიხუანის შემცველობა გაცილებით უფრო მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ეს იყო წლების წინათ.
„მე, როგორც ექიმმა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი იწვევს ადამიანის თავის ტვინში სხვადასხვა სიმძიმის და ინტენსივობის ცვლილებებს. კვლევების საფუძველზე, რომელსაც ატარებს რამდენიმე ორგანიზაცია, დღესდღეობით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი მარიხუანაა.
არსებული სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, ვიმსჯელოთ, რომ წამალდამოკიდებული პირების დაახლოებით 30% ნარკოტიკებთან ურთიერთობას მარიხუანის საშუალებით იწყებდა და ამის შემდეგ გადადიოდა უფრო მძიმე ნარკოტიკებზე.
ამ რამდენიმე ხნის წინ გაჩნდა იდეა, რომ მარიხუანა ამოღებული ყოფილიყო ე.წ. კარიბჭის ნარკოტიკების სიიდან. საქართველოში გამოკითხული ინტრავენული მომხმარებლების 45 % -50 % თავის ურთიერთობას ნარკოტიკებთან იწყებდა მარიხუანის მოხმარებით, ამდენად, ის პროცესები, რასაც ლიბერალიზაცია უკავშირდება, რისკების შემცველია და, მეორე მხრივ, ეს გახლავთ გზა (ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არა დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია), საითკენაც მიდის ყველა ცივილიზებული საზოგადოება.
ლიბერალიზაციის შემთხვევაში ძალიან დიდი რისკია, რომ მოხმარება გაიზრდება. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ეს რისკები აღმატებულ ხარისხში გადადის, რამდენადაც პრაქტიკულად უკონტროლო გახდება მათი მოხმარება. თუკი მიწოდება იქნება თავისუფალი, ეს მიწოდება მოითხოვს ნაწარმს/ ირიბი სახით ეს ხელს შეუწყობს მის უტრირებას და, ასე ვთქვათ, ნარკოტიკის მოშენებას. მეორე მხრივ, დღესდღეობით არსებული სიტუაციის მიხედვით, ის აქტიური ნივთიერება, რომელიც განსაზღვრავს მარიხუანის ნარკოტიკულ ქმედებას ჯიშთა სელექციის გზით, დღესდღეობით მისი შემცველობა მარიხუანაში მკვეთრად არის მომატებული. მარიხუანის მიღება ამიტომ დაკავშირებულია უფრო მძიმე და რთულ პრობლემებთან, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ“,-განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები