ზვიად ძიძიგური დარწმუნებულია, რომ საქართველო ზაფხულში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს

ზოგიერთს ვიზალიბერალიზაცია აბსტრაქტულ თემად წარმოუდგენია, მაგრამ ეს არ არის აბსტრაქტული თემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა 2030-ში განაცხადა.
„რაც უნდა პარტიული ბოღმა გჭირდეს, უნდა გიხაროდეს შენი ქვეყნის განვითარება, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ ბოღმებისა, საქართველო იმდენად სწორი მიმართულებით მიდის, რომ ზაფხულში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგს ეს ვიზალიბერალიზაცია აბსტრაქტულ თემად წარმოუდგენია. ეს არ არის აბსტრაქტული თემა. მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე არის ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად. სრული შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ამ ადამიანების უცხოეთში ყოფნის ფორმალიზება მოხდეს. ასევე, რომ მათ შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა და ევროპაში ჩასვლა, როგორც ცივლიზებულ ადამიანებს შეეფერებათ“,-განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხითაც ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია და ყველა ამას ელოდება.
„თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 500- მილიონიანი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნების, ყველაზე განვითარებული ბაზარი საქართველოსთვის ხდება სრულიად ღია და ჩვენ შეგვიძლია გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე“,- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ძალიან დაჩქარებული ტემპით დაიწყო ფორსირებულად კანონდებლობის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
„ამ საქმეების ძირითადი ნაწილი გაკეთებულია და სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები