ზვიად ძიძიგური: არასაპარლამენტო პარტიებმა, პრაქტიკულად, უარი თქვეს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, რომელმაც შექმნა ცალკე ფორმატი არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის.
როგორც ზვიად ძიძიგურმა გადაცემა 2030- ში განაცხადა, საარჩევნო კანონში ცვილებების შეტანის თაობაზე მომუშავე ჯგუფში იყვნენ ის პარტიები, რომლებიც არჩევნებზე, ყველა ერთად, ჯამში 7,5 პროცენტს აგროვებს.
ძიძიგურის თქმით, მიუხედავად მათი ასეთი დაბალი პროცენტისა, ხელისუფლებამ თქვა, რომ სულ ერთი არაა მათი პოზიცია.
„ამიტომ 13-ვე პარტია პრემიერ-მინისტრთან შეიკრიბა, თავიანთი მოთხოვნები წარმოადგინა. პირველივე შეხვედრაზე ვთქვით, თუ მათი სურვილია, რომ სისტემური ცვლილებები განხორციელდეს, ამაზე საქართველოს პარლამენტში წელიწადი მიმდინარეობდა დაძაბული პოლემიკა და მივაღწიეთ ორსაფეხურიან რეფორმას, ანუ 2016 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ოლქები გავათანაბრეთ, 2020 წლიდან კი გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ამ ორი საფეხურის პირობებში ყველა კმაყოფილდებოდა“,- განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, ამ ჯგუფმა წამოაყენა ხუთი საკითხი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბარიერის დაწევა იყო.
„მათ რომ თავის დროზე დაეყნებინათ ეს საკითხი, მოესწრებოდა საკონსტიტუციო ცვლილება. ახლა უბრალოდ ეს არ ესწრება. ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნები იქნა გათვალისწინებული პრემიერ-მინისტრის და უმრავლესობის მიერ განსაკუთრებით იმ პარტიებისთვის, რომლებსაც არჩევნებზე მაღალი შედეგი არ ჰქონიათ და მათთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ცვლილებების განხორციელება. მაგრამ ჩვეთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო ეს სამუშაო ჯგუფიც დაიშალა. ისინი ბრიფინგზე დადგნენ ერთად და თქვეს, რომ ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დაუკმაყოფილა. შევედრაზე თითქოს ყველაფერზე ვთანხმდებოდით, როცა ცალკე გავიდოდნენ და დაილაპარკებდნენ, როგორც ეტყობა, ეცვლებოდათ პოზიცია. პრაქტიკულად პარტიებმა უარი თქვეს პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვან შეთავაზებაზე და თქვეს, რომ აქციები უნდა დაიწყონ“,- განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები