ძიძიგური: ადამიანები, რომლებიც ევროპული გზის წინააღმდეგ წავლენ, წავლენ რეფერენდუმის წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გადაწყვეტილებაზე კოალიციის წევრმა პარტიებმა ოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერით განაცხადეს თანხმობა.
ძიძიგურის თქმით, კოალიციის წევრი პარტიები დღემდე ამ იდეების ერთგულები არიან. კითხვაზე, ვინ იგულისხმება პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებში, რომელმაც არცთუ ისე ნორჩი ლენინელ-სტალინელები ახსენა ევროინტეგრაციის საფრთხეებად და როგორ უნდა დარეგულირდეს, ვინ რა განცხადება გააკეთოს, ძიძიგურმა განაცხადა, რომ კოალიცია ერთ პოზიციაზეა ჩამოყალიბებული.
“ოფიციალურ პოზიციად, გნებავთ კოალიციის, როცა კოალიცია არსებობდა, გნებავთ უმრავლესობის, ან თუნდაც პარტიის, არის ის, რაც ოფიციალურ დოკუმენტში არის ჩამოყალიბებული. როცა კოალიციას ვქმნიდით, მაშინ ჩამოყალიბებული გვქონდა ჩვენი მიმართულებები – დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულების საკითხი და ყველა პარტიას, მათ შორის “ქართულ ოცნებას”, “კონსერვატიულ პარტიას”, “მრეწველებს”, “რესპუბლიკელებს”, ალასანიას პარტია იყო მაშინ, “ეროვნულ ფორუმს”, ყველას ჰქონდა მოწერილი ხელი ჩვენს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ნატოს თემაზე, თუ არ ჩავთვლით, რომ იყო ცალკეული განცხადებები, რომელიც არ ეხმარება, რბილად რომ ვთქვათ, დასავლური ინტეგრაციისკენ გადადმულ ნაბიჯებს, ძალიან ერთგულად ვიცავთ ამას”, – განაცხადა ძიძიგურმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.
მისი თქმით, მთელი საქართველოს მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ადამიანები, რომლებიც ევროპული გზის წინააღმდეგ წავლენ, წავლენ იმ რეფერენდუმის შედეგების წინააღმდეგაც, რომელიც საქართველოში ჩატარდა და რომელზეც საქართველომ ნატოსა და ევროინტეგრაციასაც უთხრა თანხმობა, თანაც დიდი პროცენტული განსხვავებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები