„არ გამოვრიცხავ, რომ კონგრესმენ რასსელს კონტაქტები ჰქონდა სააკაშვილის ბიძასთან, რომლის სახელიც იარაღის შავ ბიზნესში არაერთხელ გამოიკვეთა“

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამერიკელი კონგრესმენის სტივ რასსელის გამოსვლას ეხმაურება, სადაც კონგრესმენმა საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი იარაღით ვაჭრობაში დაადანაშაულა. როგორც ექსპერტი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს იარაღით ვაჭრობასთან არანაირი კავშირი არასდროს არ ჰქონია. ექსპერტი რასსელის გამოსვლას აბსურდულს უწოდებს და თავად კონგრესმენს იარაღით ვაჭრობაში ამხელს.
„ბიძინა ივანიშვილს თეორიულად შეიძლება ყველაფერი დააბრალონ, მაგრამ მას იარაღით ვაჭრობასთან არასოდეს არანაირი კავშირი არ ჰქონია. სამაგიეროდ, თავად კონგრესმენი რასსელი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ ასეთ აბსურდული ბრალდებით გამოდის, დღემდე მჭიდროდ არის დაკავშირებული იარაღის ბიზნესთან.
კონგრესმენი სტივ რასსელი ყოფილი სამხედრო მომსახურეა – თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი იყო. რასსელს საბრძოლო გამოცდილებაკოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში აქვს მიღებული. მისი რაზმი პრეზიდენტ სადამ ჰუსეინზე ნადირობდა. კონგრესმენი სტივ რასსელი არის ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი კომპანიის – two rivers arms-ის დამფუძნებელი და მფლობელი. ეს კომპანია სნაიპერულ შაშხანებსა და „კალაშნიკოვის“ ერაყულ ვარიანტს – „ტაბუკის“ აწარმოებს“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკელ კონგრესმენს მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს. ვახტანგ მაისაია ამერიკელ კონგრესმენს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ამხელს.
„არ გამოვრიცხაც, რომ კონგრესმენ რასსელს კონტაქტები ჰქონდა და აქვს სააკაშვილის ბიძასთან – „კაგებეს“ მაღალჩინოსან, თემურ ალასანიასთან, რომელიც თავის დროზე გაეროში შეიარაღებების კონტროლის კომისიაში მუშაობდა და მისი სახელი იარაღის „შავ ბიზნესშიც“ არაერთხელ გამოიკვეთა! არც ის არის გამორიცხული, რომ კონგრესმენ რასსელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარანტია მისცა, თუ ხელისუფლებაში დავბრუნდებით, იარაღის შესყიდვაზე კონტრაქტს შენს კომპანიასთან გავაფორმებო! ეს არის პოლიტიკური კორუფციის ძალიან მარტივი სქემა, რომელსაც სააკაშვილი, საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხშირად მიმართავდა და, როგორც ჩანს, დღესაც აქტიურად იყენებს!“ – აცხადებს ექსპერტი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ .
როგორც ვახტანგ მაისაია გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველო იარაღის „შავი ბიზნესის“ სატრანზიტო დერეფნად იყო ქცეული.
„სააკაშვილის დროს საქართველო იარაღის „შავი ბიზნესის“ სატრანზიტო დერეფნად რომ იყო ქცეული, ამას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ანგარიშებში არაერთხელ გაუსვა ხაზი! იგივე დააფიქსირა ავტორიტეტული ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭირვალობის“ მთავარმა ოფისმაც. სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველო იმ დიდ საერთაშორისო სკანდალშიც კი გაეხვია, რომელიც „ლივერიის ქეისის“ სახელით არის ცნობილი და იარაღით უაკანონო ვაჭრობას უკავშირდება. კერძოდ, გაეროს ეგიდით შეიქმნა მაღალი დონის ექსპერტებისგან შემდგარი საგამოძიებო კომისია, რომელმაც „ლივერიის საქმე“ გამოიძია და პირდაპირ გამოიკვეთა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დაკავშირებული იყო მსოფლიოში ცნობილი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის ერთ-ერთ კომპანიასთან! არსებობს ასეთი სერბი მილიარდელი – ტადიჩი, რომელმაც ასევე იარაღის „შავ ბარონი“ და ვიქტორ ბუტის ერთ-ერთი პარტნიორია. იგი ბალკანეთში იარაღის უკანონო ვაჭრობაშია მხილებული. გამოიკვეთა, რომ კეზერაშვილს სწორედ ტადიჩის მეშვეობით ჰქონდა კავშირი ვიქტორ ბუტთან. ერთ ფაქტსაც შეგახსენებთ – ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჭიკაიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, საქართველოში დააკავეს 3 ტონა თხევადი ჰეროინი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაცია“თალიბანს“ ეკუთვნოდა.
თალიბებმა საქართველოს გავლით ჰეროინის ამხელა პარტია რომ გაუშვეს, ე.ი. მათ ეს ტრასა უკვე აპრობირებული ჰქონდათ, ანუ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნარკოტიკების ტრანზიტს უპრობლემოდ ახდენდნენ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ „თალიბანისათვის“ იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი ვიქტორ ბუტი იყო. ახლა, მოდით, ლოგიკური ჯაჭვი შევკრათ – სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოს გავლით უპრობლემოდ ხდებოდა „თალიბანის“ კუთვნილი ნარკოტიკის ტრანზიტი. „თალიბანისთვის“ იარაღის მიმწოდებელი იყო ვიქტორ ბუტი და სააკაშვილს, კეზერაშვილის მეშვეობით, კავშირი ჰქონდა ბუტთან! თუ იმასაც გავიხსნებთ, სააკაშვილი და მისი პრემიერ-მინისტრები როგორ ხშირ-ხშირად დარბოდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც ბუტის კომპანიების ოფისები მდებარეობდა, ნამდვილად შეგვექმნება გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლება ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული“, – ამბობს ვახტანგ მაისაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები