პრემიერი – განვაგრძობთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი” გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი, საქართველო და თურქმენეთი იზიარებენ საერთო ინტერესს რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებაში

საქართველო და თურქმენეთი ერთმანეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორები არ არიან, ჩვენი ქვეყნები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ხიდებს ევროპასა და აზიას შორის და იზიარებენ საერთო ინტერესს რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებაში, სწორედ ამ საერთო სტრატეგიულ უპირატესობებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ „შუა დერეფნის” განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი” გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი ევროპულ ბაზრებს, აზიის ქვეყნებსა და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებს შორის. ხოლო თურქმენეთი, როგორც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და მზარდი საექსპორტო შესაძლებლობებით.

სწორედ ამ საერთო სტრატეგიულ უპირატესობებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ „შუა დერეფნის” განვითარებას. ეს არის მარშრუტი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს გლობალურ მნიშვნელობას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაადგილებისთვის.

საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი” გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Landlord-ის მოდელით აშენდება. აღნიშნული მოდელი, რომლითაც სახელმწიფო პორტის მიწისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ რჩება, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს, რაც საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები