ევროკომისიის ანგარიში – საქართველომ დადებითი შეფასება მიიღო

 ევროკომისია საქართველოს მიერ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) სამოქმედო გეგმის განხორციელებას დადებითად აფასებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ENP-ის სამოქმედო გეგმის შესრულებას ასახავს 2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე. ევროკომისიის ანგარიში საერთო ჯამში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ENP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებას მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა საქართველო-ევროკავშირის შორის პოლიტიკური დიალოგის ინტენსიობით, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებით.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყანამ გასული წლის რეკომენდაციების უმეტესობა შეასრულა. ამ მხრივ განსაკუთრებით საგულისხმოა შეფასება, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იყო საუკეთესო ქვეყანაში დღემდე ჩატარებულ არჩევნებს შორის და სრულიად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.
„ევროკომისიის დოკუმენტის შეფასებით, 2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ შეძლო წარმატებით გადაელახა ძალზე კომპლექსური და უპრეცენტენდო ხელისუფლების გადაბარების ეტაპი, რეფორმებისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეუფერხებლად. ხაზგასმულია ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების ფაქტი, რომელიც ევროკავშირის პოზიციით, ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ევროპული ინტეგრაციის კურსისადმი. ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, მედია გარემოსა და პენიტენციალურ სისტემაში ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ევროკავშირი განსაკუთრებით მიესალმება კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რის შედეგადაც საქართველოს პარლამენტის როლი გაიზრდა.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ ძალიან კარგი პროგრესი აჩვენა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.
ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევ მხარდაჭერას და მზაობას, ხელი შეუწყოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
ევროკომისიის ანგარიშში მოცემულია 2014 წლის განმავლობაში ENP-ის განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ გასათვალისწინებელი შემდგომი რეკომენდაციები“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები