იურიდიულმა კომიტეტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო პროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო პროექტს მხარი დაუჭირა.
საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოცემული შანსის დაკარგვა სწორი არ იქნება.
„პირველად შეიქმნა ის ვითარება, როდესაც ხელისუფლება, უმრავლესობა მზად არის იმისთვის, რომ გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, ოღონდ ამბობს, რომ ახლა არა, არამედ 2016 წლის მერე. ჩემთვის ეს არის შანსი, რომ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ იქნებოდა სწორი“,-აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.
ამასთანავე, განისაზღვრება, რომ პარლამენტის წევრთა მანდატები შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს რომლებიც მიიღებენ ყველა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების 4%-ს მაინც, ხოლო თითოეულ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში საარჩევნო სუბიექტებს შორის პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მათ მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების პროპორციულად ორგანული კანონით დადგენილი წესით.
წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, საარჩევნო ზღურბლი მცირდება 5-დან 4%-მდე, რაც შეამცირებს ე.წ. დაკარგული ხმების რაოდენობას. ზემოაღნიშნული ცვლილება ძალაში შევა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე და ამ ცვლილების შესაბამისად ჩატარდება შემდგომი საპარლამენტო არჩევნები. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის 81 წევრია.
კენჭისყრას დებატები უძღვოდა წინ.
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებისა“ და ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლების განცხადებით, მართალია, მათ მიაჩნიათ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უკვე წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა მოხდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მხარს დაუჭერენ წარმოდგენილ კანონპროექტს, რათა საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი კიდევ არ გადაიდოს. დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, წარმოდგენილ ცვლილებას ორი ნაკლი აქვს. მისივე განმარტებით, ერთი – ეს არის ამოქმედების ვადა და მეორე, გაუგებარი ფორმულირება, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა უარყოფითად შეაფასეს კანონპროექტის ძალაში შესვლის ვადა და განაცხადეს, რომ მმართველმა კოალიციამ წინასაარჩევნო დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ვერ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები