გოგი თოფაძე: ბარიერის პრობლემა ჩვენ მაშინაც არ გვქონდა, როდესაც 7%-იანი ბარიერი იყო
პარლამენტის წევრმა, „მრეწველთა პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და „მრეწველების“ გეგმებთან დაკავშირებით პორტალ „კვირაში“ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, პარტიას ბარერის გადალახვა არ გაუჭირდება. ის მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს ხელისუფლებას ეკადრება.
„ჩვენ ბარიერის გადალახვაზე არასდროს გვქონია პრობლემა. 7- პროცენტიანი ბარიერი რომ იყო, მაშინაც კი. ახლა ცალკე გავდივართ. 73 მაჟორიტარის შერჩევა ასე უცებ არ ხდება. ვმუშაობთ, რაიონებში ბევრი კარგი წარმომადგენელი გვყავს. 18 წლის მანძილზე შეიქმნა გუნდი, რომელიც ყოველთვის წარმატებით ასრულებდა თავის მოვალეობას. ეს პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. არასამთავროები ახლა რაღაც ძალიან გააქტიურდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი შეღავათი კეთდება მათთვის. არ არის გადაწყვეტილი, ბარიერი დაიწევს თუ არა, შეიძლება 3 ან 4 პროცენტი გახდეს, რათა მეტს ჰქონდეს საშუალება, გადალახოს ბარიერი. შეღავათი კეთდება, ფინანსური დახმარება ბევრს ექნება, ასეთი აჟიოტაჟი და აგრესიულობა არ მიმაჩნია, რომ სწორი იყოს. გაიხსენონ, რა არჩევნები ტარდებოდა და რა ძალადობა მიდიოდა.
ბოლო წლებში ჩატარდა არჩევნები, 2012 წელს ჯერ პრეზიდენტის, მერე ადგილობრივი, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ დარღვევებს, რომლებიც საგარეჯოში მოხდა, ჩვენ ვერავინ მოგვედავება, კოალიციის პერიოდში რომ არჩევნები გავაყალბეთ ან რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩავიდინეთ. ასე რომ, ვემზადებით და მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ხელისუფლებას ეკადრება“,-განაცხადა თოფაძემ.