პატიმრების შეწყალების კრიტერიუმები შეიცვალა

დღეიდან პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისია ახალი დებულებით იხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების კრიტერიუმები შეიცვალა, ხოლო 2004 წლის ბრძანებულება “შეწყალების გამოყენების წესის შესახებ” ძალადაკარგულად გამოცხადდა.
შექმნილი შეწყალების კომისია უფლებამოსილია, განიხილოს იმ მსჯავრდებულის საქმე, რომელიც სასჯელს იხდის უვადო თავისუფლების აღკვეთისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. ასევე, – სასჯელს იხდის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით, თუმცა ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად. კომისია ასევე უფლებამოსილია, სასჯელმოხდილი პირისთვის ნასამართლობის მოხსნის საკითხიც განიხილოს. ძველი წესის მიხედვით, უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირის შეწყალების განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ პირს 25 წელი ჰქონდა მოხდილი, ახალი წესით კი, ეს ვადა 15 წლამდე შემცირდა. ამასთან, ახალი წესის მიხედვით, იმ პირებს, ვის მიმართაც წინათ გამოყენებული იყო ამნისტია ან შეწყალება და ნასამართლობის მოხსნამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, შეწყალება შეეხებათ, თუ მოხდილი აქვთ სასჯელის ვადის ორი მესამედი. აქამდე არსებული წესის თანახმად, ასეთი შემთხვევები შეწყალებას არ ექვემდებარებოდა. ამასთან, გამეორებითი შეწყალების თხოვნის მიმართვაზე ვადები 6-დან 4 თვენახევრამდე შემცირდა.
შეწყალება კვლავ არ იქნება გამოყენებული იმ პატიმართა მიმართ, რომლებიც ბრალდებულნი არიან ორი, ან მეტი დანაშაულისთვის, ასევე მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი აქვთ 5 წელზე მეტი ხნით პატიმრობა და სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვთ. ასევე, არ იქნებიან შეწყალებული ის პირები, რომლებიც წინათ მსჯავრდებულები იყვნენ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინეს განზრახი დანაშაული და არ აქვთ მოხდილი საპატიმრო ვადის ნახევარი. გარდა ამისა, შეწყალებული ვერ იქნება პატიმარი, რომელიც სასჯელის მოხდის ადგილიდან უარყოფითად ხასიათდება, რომლის საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის საერთო სასამართლოში, ან თუ არ არის გასული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და, რომელიც არ ითხოვს შეწყალებას. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული წესი, პატიმრისგან შეწყალების თხოვნის გარდა, დანაშაულის აღიარებასა და მის მონანიებასაც ითხოვდა.
განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში, ან თუ მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი, შეიძლება განხილულ იქნებას იმ პატიმართა შეწყალების საკითხიც, რომლებიც კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები