სომეხი გენერალ-მაიორი „პანამის დოკუმენტების“ გამო გადადგა
სომხეთის აღსრულების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი მიგრან პოღოსიანი “პანამის დოკუმენტების” გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სომხეთის აღსრულების სამსახურის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ბოლო დღეებში „პანამის დოკუმენტებში“ და სომხურ პრესაში ჩემი სახელიც არის ნახსენები. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი ფიგურირებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოჯახის გვერდით, რომელმაც, მართლაც, მილიარდობით დოლარი მიითვისა“, – წერია პოღოსიანის განცხადებაში.
პანამაში ოფშორული კომპანიების ირგვლივ სკანდალი აპრილის დასაწყისში ატყდა. „პანამის დოკუმენტები“ ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანია Mossack Fonseca-ს კლიენტებს ფულის გათეთრებაში და გადასახადებისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა.