„თბილისს ევროსტრუქტურებიდან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დამატებით მოთხოვნებზე არანაირი შეტყობინება არ მიუღია“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის განცხადებით, ოფიციალურ თბილისს ევროსტუქტურებიდან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დამატებით მოთხოვნებზე არანაირი შეტყობინება არ მიუღია.
როგორც გიგიაძემ გერმანული გამოცემის „დი ველტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, სტატია ეხება თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას, სადაც საუბარია გარკვეულ წინაპირობებზე, რომლებსაც ევროკავშირი წაუყენებს თურქეთს.
გიგიაძის თქმით, საქართველო განაგრძობს უკვე დაწყებულ პროცესს, რომელიც გულისხმობს საქართველოს საკითხის განხილვას ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ევროპარლამენტში განხილვა დაგეგმილია 21 აპრილს, ხოლო ევროკავშირის საბჭოს მიმართულებით პირველი ჯგუფის შეხვედრა 11 მაისს გაიმართება.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ევროკავშირის სტრუქტურებთან. ჩვენი უშუალო პარტნიორია ევროკომისია, საიდანაც ჩვენ ვიღებთ მუდმივად ინფორმაციებს და ევროკომისიისგან შეტყობინება მიღებული არ არის. პირიქით, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა, ვაგრძელებთ დაწყებულ გზას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება“, – აღნიშნა გიგიაძემ.
გერმანული „დი ველტი“ წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, თურქეთსა და კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს.